Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველოლოგის, პროფესორ რიხარდ მეკელაინის პირადი არქივის გადმოცემის ცერემონია

16 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცემა გერმანელი ქართველოლოგის, პროფესორ რიხარდ მეკელაინის (1880-1948), პირადი არქივი, რომელიც მისმა შვილიშვილებმა, ქალბატონმა ანგელიკა კაისჰოლდმა და ქალბატონმა მარი-ლუიზე მაიერ-ვეგელინმა უსასყიდლოდ გადმოსცეს საქართველოს. საზეიმო შეხვედრაზე დასასწრებად თბილისს ეწვევა რ. მეკელაინის ოჯახის ხუთი წევრი.

 

 

 

პირველი მსოფლიო ომის დროს პროფ. რიხარდ მეკელაინი კითხულობდა ლექციებს ქართული კულტურის შესახებ და ასწავლიდა ქართულ ენას ბერლინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის (ამჟამად ჰუმბოლდტის სახელობის) უნივერსიტეტში. მას ეკუთვნის პირველი ქართულ-გერმანული ლექსიკონი და გერმანული ენის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, რომლითაც ისწავლებოდა გერმანული ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. რ. მეკელაინმა თარგმნა გრიგოლ რობაქიძის რომანი “გველის პერანგი”, რომელიც 1928 წელს შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით გამოიცა გერმანიაში. მანვე თარგმნა გრ. რობაქიძის “კავკასიური ნოველები”, რომლებიც ქართველი მწერლის გერმანიაში ემიგრაციის შემდეგ გამოქვეყნდა. პროფ. მეკელაინს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ მოღვაწეებთან, რომლებიც გასული საუკუნის პირველ მეოთხედში განათლებას იღებდნენ გერმანიაში ან დამოუკიდებელი საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ ამ ქვეყანაში. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ქართული მწერლობის კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წარმომადგენელი გრიგოლ დიასამიძე.

 

 

 

ქართველ მეცნიერთაგან რ. მეკელაინს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა აკადემიკოსებთან აკაკი შანიძესთან და სიმონ ყაუხჩიშვილთან, ასევე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა საქართველოში, თავისი უახლოესი მეგობრის, რაფიელ ნიჟარაძის, დახმარებით რ. მეკელაინი სვანურის შესწავლასაც შეუდგა და სვანეთის ეთნოგრაფიის სალექციო კურსიც მოამზადა თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. პროფესორ რ. მეკელაინის ხელშეწყობით ბერლინში შეიქმნა “რუსთაველის საზოგადოება” და დაარსდა ჟურნალი “ახალი აღმოსავლეთი”, რომელშიც ძირითადად ქართველი და გერმანელი ავტორების მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი სტატიები იბეჭდებოდა. რ. მეკელაინის ხელშეწყობით შესრულდა ასევე საორგანიზაციო სამუშაო ქართულენოვანი ჟურნალის, “ევროპის მოამბის”, დასაარსებლად 1918 წელს. საგულისხმოა, რომ რ. მეკელაინის შვილიშვილი მარი-ლუიზე მაიერ-ვეგელინი, რომელიც თბილისის უნივერსიტეტში დაგეგმილ საზეიმო შეხვედრაზე სიტყვით გამოვა, ფრანკფურტის ქართულ-გერმანული საზოგადოება “გეორგიკა”-ს გამგეობის წევრია.